ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ ხვალ უნდა გაათავისუფლოს
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებით, მას ქართველ ოფიცერ გია ცერცვაძის მოსალონდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალურ პროკურორთან პირადად ჰქონდა კომუნიკაცია.
„დილიდან მოვახერხე მასთან კომუნიკაცია. იღებდა ჩემგან ინფორმაციას, მაგრამ მე ვრცლად გავაცანი. მისთვის გადამწყვეტი ინფორმაცია იყო, სწორედ ქართული ლეგიონის მხრიდან დადასტურება გია ცერცვაძის იმ ოპერაციებში მონაწილეობისა, რომელზეც ეს დღეებია სულ გვაქვს საუბარი. ეს წერილი დაიწერება, მაგრამ ვინაიდან, მათ შორის ასეთი ნდობა არსებობს, სიტყვიერი დადასტურებითაც გარანტირებულად შეუძლია იმის თქმა, რომ გია ცერცვაძე პატიმრობიდან აპელაციის პროცესის დასრულებისთანავე იქნება გათავისუფლებული“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ ხვალ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა განცხადა.
„რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია იური ლუცენკოსთან. მთხოვა, დამედასტურებინა სიტყვიერად, რომ ეს ადამიანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძოდა. შემდეგ კი, მთხოვა, რომ წერილობით დამედასტურებინა ლეგიონის სახელით, რომ ის უკრაინის მხარეს იბრძოდა. ეს წერილი მზადდება და უკრაინის პროკურატურას უახლოეს საათებში გადაეცემა“,- განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.