ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისის ყოფილი მერის მიმართ კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომლებზეც მას აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა.
კახა კალაძის თქმით, გიგი უგულავას გათავისუფლების ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, რამდენად სასიამოვნო თუ არასასიამოვნო იყო კონკრეტულ ფაქტებზე მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენთის, ის იღებს აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, თუმცა რაც შეეხება ბატონ უგულავას, მე როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, სხვა კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომლებზეც მას აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა”,-განაცხადა კახი კალაძემ.
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება 6 დეკემბერს დატოვა. მას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ვადა შეუმცირდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა “ამნისტიის შესახებ” კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.