“ვიზალიბერალიზაცია ისევე წავა, როგორც მოვიდა” – რა შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი საქართველოსთვის?!

2017 წლის 2 თებერვალი საქართველოსთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა. ევროპარლამენტმა ჩვენი ქვეყნის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

“თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ეს ვიზალიბერალიზაცია არის ევროპაში ჩასვლის არალეგალური საშუალება და ასე გამოვიყენებთ, ეს ვიზალიბერალიზაცია ისევე წავა, როგორც მოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად მზად არის საქართველოს მოსახლეობა დაიცვას ის რეგულაციები, რომელიც ევროპაში უვიზოდ მიმოსვლისთვის არის საჭირო, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ზუსტად ის პრობლემა, როგორც სხვა ქვეყნებს.

“ნუ ვიცით საკუთარ თავზე ლაფის დასხმა, ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი პრობლემები, რაც გააჩნია ყველა იმ იმიგრანტულ არალეგალურ მოსახლეობას, რომელიც არიან ევროპაში და ჩვენზე ბევრად უარესებიც არიან. ეს ვიზალიბერალიზაცია არ არის ევროპაში შესვლის საშუალება, ეს არის რაც მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ევროპაში ჩასვლის და დაბრუნების საშუალება, ევროპის გაცნობის საშუალება, კავშირების გამყარების, მცირე ბიზნესების აწყობის და ა.შ. უკვე გაიხსნა თაფლისთვის ევროპული ბაზარი და ეს არის მაგალითი თუ რას გვაძლევს ერთად ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება, ძალიან ბევრ შესაძლებლობას. თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ეს არის ევროპაში არალეგალურად ჩასვლის ერთ-ერთი საშუალება და ასევე გამოვიყენებთ, ეს ვიზალიბერალიზაცია ისევე წავა, როგორც მოვიდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას 4 ძირითადი კომპონენტის საფუძველზე.

თუ ქვეყნიდან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან. ან გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ.

თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება.

თუ ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით.

თუ ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადობეირვი წესრიგსა და უსაფრთხოებას.

ემუქრება თუ არა საქრათველსო რეგულაციების არ დაცვის შემთხვევაში შეჩერების მექნიზმის ამოქმედება? – ამის თაობაზე ამ ცოტა ხნის წინ “კვირის პალიტრასთან” მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა ისაუბრა:

– საქართველოს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აღნიშნული “მექანიზმის ამოქმედების” მხოლოდ მცირე შანსი არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოვადუნოთ რეგულაციების შესრულებისას. ხშირად, როცა საზოგადოებაში ვიზალიბერალიზაციის განხილვა ხდება, იკვეთება ისეთი საკითხები, როგორიცაა მასობრივი მიგრაცია ევროპაში, რაც ასევე ვფიქრობ, რომ არ მოხდება.

– ბოლოდროინდელი კონფლიქტების შემდგომ ევროკავშირს უამრავი მიგრანტი მიაწყდა და სწორედ მიგრანტების გამო ევროპა დღეს კრიზისშია. მარკ, პირდაპირ მიპასუხეთ, სჭირდება თუ არა ევროპას ჩვენნაირი, მესამე ტიპის ქვეყნები ლტოლვილების შესაკავებლად? არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ კონფლიქტების რეგიონებიდან დევნილები ჩვენს ქვეყანასაც მოაწყდნენ?
– არ ვიცი, რას ფიქრობს ევროპა. საქართველო მსოფლიოს ნაწილია და აქაც შემოდის და გადის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. “ვიზალიბერალიზაციის” გარეშეც შეიძლება გახდეს ქვეყანა უარყოფითი ძალების სამიზნე და პირიქით, თუმცა მე ამის საშიშროების ზრდას ვერ ვხედავ. საქართველოს, ბოლო წლების განმავლობაში, ისედაც არაერთმა ადამიანმა მიმართა დევნილის სტატუსისა და მოქალაქეობის მიღების სურვილით.

– აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გეგმა გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები?
– ერთ-ერთი მოთხოვნა შესასრულებელ ვალდებულებებს შორის არის: ერთიანი საზღვრის, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა. უშუალოდ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შესაბამის უწყებას უნდა ჰკითხოთ. ჩემი ინფორმაციით, ის მშვენივრად ართმევს თავს საზღვრის დაცვის უსაფრთხოებას. საქართველოში არც ისე ადვილად გაიცემა უცხოელზე საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რითაც მათ მარტივად შეეძლებოდათ ემოგზაურათ შენგენის ზონაში. ასე, რომ სანერვიულო არაფერია.

Comments
Loading...