ვლადიმერ პუტინი – თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო, ასევე ეს იყო თავდასხმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გულწრფელად გეტყვით, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი იმ თეზისისადმი, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება თურქეთის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე მოხდა, რომ ეს იმ ხალხმა გააკეთა, ვისაც სურდა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ზიანი მიეყენებინა. მაგრამ ახლა, ჩვენს ელჩზე თავდასხმის შემდეგ, რომელიც სპეცრაზმის თანამშრომელმა ჩაიდინა, მე უკვე იძულებული ვარ ჩემი აზრი შევცვალო. ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, დესტრუქციული ელემენტების შეღწევა თურქეთის სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, თურქეთის ჯარში – ამას ღრმა ხასიათი აქვს. არ მაქვს უფლება ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ ეს ფაქტია და ეს ხდება, ჩვენ ამას ვხედავთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მოვლენები ხელს არ შეუშლის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებას.

„შეუშლის თუ არა ეს ხელს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებას? – არა, არ შეუშლის, ვინაიდან ჩვენ გვესმის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობა“, – დასძინა მან.

Leave A Reply

Your email address will not be published.