ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტები გამოძიებას საჭიროებს, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არ დარჩეს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რაც პოლემიკისა და ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად, საბოტაჟის რეჟიმისკენაა მიმართული.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ამასთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდოს, მაგრამ საგანგებოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა იმოქმედონ.

„ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ, თუნდაც საგამოძიებო სტრუქტურების მეშვეობით ასეთი შემოტევებისგან თავი უნდა დაიცვას, მითუმეტეს, სააკაშვილის გეგმების შესახებ ვიცით, რომ არანაირი პოლემიკა, ბჭობა, ჯანსაღი ოპონირება არ უნდა იყოს და პირიქით, მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმი უნდა იყოს, მათ შორის, მოსამართლეებზე ზეწოლა შეიძლება განვიხილოთ ამ სტრატეგიული გეგმის, როგორც ერთი ნაწილი. მოსამართლეს საერთოდ, იმუნიტეტი საკმაოდ მაღალი აქვს, მისი დაცულობა მაღალია და მასზე შეხება საკმაოდ სერიოზულად დასჯადი დანაშაულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, იმ მოსამართლეების წინააღმდეგ გარკვეული შეთქმულება ხორციელდება, ვინც ტელეკომპანიის საქმეზე სავარაუდოდ, ზეწოლას არ დაექვემდებარა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე იმ კოლეგიის წევრები არიან, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ და რომლებმაც ის განსახილველად, უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადასცეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დასაცავად გაერთიანებისკენ, ხოლო პრეზიდენტს მიუკერძოებელი მოსამართლეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

Comments
Loading...