„ვფიქრობ ძალიან დაიძაბება ვითარება და მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“

რუსთავი2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებას „მარშალპრესთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აფასებს.

ბატონო გიგი, როგორ დამთავრდება ეს პროტესტი, როგორია თქვენი პროგნოზი?

„განცხადებები იმის თაობაზე, რომ „რუსთავი2“-ს არავინ ხურავს არის გასაგები და წორედ ამაშია ის ეშმაკობა, რომ არა პირდაპირ დახურვაზე, არამედ საუბარია მფლობელის შეცვლაზე. რა დგას ამ პროცესის უკან და როგორ არის ეს ყველაფერი შეკრული, ამას ჩვენ ვხედავთ. ეს განცხადებებიც იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებაშიც და კოალიციაშიც შემავალი პარტიების დიდი ნაწილი და თავად ხელისუფლებაც პრაქტიკულად გადაწყვეტილებას ამჟღავნებს, რომ „რუსთავი2 “ აღარ იქნება, უნდა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს არის უხეში ჩარევა და ბრძოლა დამოუკიდებელი ტელევიზიის წინაააღმდეგ.

დღეს გამართულ პროცესზე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი შოთა ივანაშვილი დაიკითხა, რომელმაც ტელეკომპანიის წილების ღირებულებაზე აუდიტორული დასკვნა მოამზადა და საკმაოდ სერიოზულ დარღვევებზეც ისაუბრა..

„მე ვერ გეტყვით ექსპერტის დაკითხვის ამბავს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებამ მოსვლისთანავე განაცხადა, რომ „რუსთავი2“ არის მათი მოწინააღმდეგე, მათი მტერი. პირველი სიმპტომები იყო ნიკა გვარამიას დაკავება და ივანიშვილის მაშინდელი მოწოდებები, რომ დაწყებულიყო ძველი მეპატრონეების პროცესი, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. ძალიან დაბალი ინტელექტის უნდა იყოს ადამიანი, აღქმაში სერიოზული პრობლემები უნდა ქონდეს, რომ ამ ყველაფერში სხვა საფუძვლები დაინახოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი ზეწოლა გვახსოვს მედიაზე..

„არაერთი არა – ეს იყო ერთი, მიუღებელი მოქმედება ტელევიზიის წინააღმდეგ, ტაქტიკა და მანერა იყო მიუღებელი. მაშინდელი პროცესისგან განსხვავებით, „რუსთავი2“ არც ხალხს უხმობს ქუჩაში, არც რევოლუციას აწყობს რუსეთის დახმარებით და არც ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები აქვს. ის რაც მაშინ „იმედთან“ დაკავშირებით მოხდა, ამის გამო პასუხიც აგო იმ ხელისუფლებამ – გადადგა პრეზიდენტი და დაინიშნა არჩევნები, ანუ ხელისუფლებამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. დღესაც თუ ასე იქნება, გადადგება ხელისუფლება და დანიშნავს ახალ არჩევნებს, მისი პასუხისმგებლობაც იქნება რეალიზებული.

ამიტომ ეს შეხსენებები თუ რა იყო მაშინ, არის სწორედ ამ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პარადიგმა, რომ ყველაფერზე იშვერენ აქეთ ხელს – თქვენ დროს ეს იყო და ის იყო, მაგრამ თქვენ, რომ მოხვედით ათასი დაპირებით, შეასრულეთ, გააკეთეთ უკეთესად, ხალხს რაც შეპირდით ის გაუკეთეთ, იმის შეხსენებით, რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ასჯერ მეტიც შეიძლება კარგი ხდებოდა. იმის კულტივირებით, რომ მაშინ იყო უბედურება და ეხლა არის ბედნიერება, ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს და ამიტომაც არის მათი პოპულარობა დაცემული 60 პროცენტიდან 14 პროცენტზე. ეს არის სწორედ მათი მოტივაცია, მათი ასეთი გაშმაგებული ბრძოლის მიზეზი. ეს ყველაფერი დაიწყო „ენ-დი-აი“-ს კვლევების გამოქვეყნების დღესვე. თუ ამ კვლევების არ სჯერათ, მაშინ ასე რამ გააშმაგათ? მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება ირგვლივ და სწორედ ამიტომ არ აწყობთ არც „რუსთავი2“ და არც ოპოზიცია ამ ყვეყანაში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა დამთავრდება იმით, რომ საქართველოს ამდენი თაობების მიერ ნანატრი ევროპული ცივილიზაცია და მასთან დაახლოვება იქნება კიდევ ერთი ისეთი აუხდენელი ოცნება, როგორიც ხალხს ქონდა ამ ხელისუფლებისგან.

იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი2“-ის სასარგებლოდ არ გადაწყდა საკითხი, როგორ განვითარდება პროცესები?

– ვერ გეტყვით, მაგრამ „რუსთავი 2“ არის ხალხის ტელევიზია და არა ნაციონალური მოძრაობის რაღაც ინსტიტუტი. დარწმუნებული ვარ, რომ ასე მარტივად ეს საქმე არ გამოვა, იქნება სამართლებრივი დავა და იქნება საზოგადოების პროტესტიც, გააჩნია ხელისუფლება რა ტაქტიკას აირჩევს. სწორი ტაქტიკა იქნება თუ ის გადადგება და დანიშნავს კრიზისულ ვითარებაში რიგგარეშე არჩევნებს. თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ არ დაუპირისპირდეს მედიას, არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებას, რომელიც „რუსთავი2“-ს მხარს უჭერს მაშინ კარგი, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, ვფიქრობ ძალიან დაიძაბება ვითარება და მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

Leave A Reply

Your email address will not be published.