Washington Post – პუტინმა შეიძლება ევროპას საქართველო წაართვას

ამერიკელი ანალიტიკოსის მაიკლ სესირის სტატია „ვაშინგტონ პოსტში”

საქართველო კრემლის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოქცევის ზღვარზე ხომ არ იმყოფება? – არა. თუმცა არც მზარდი რუსული გავლენაა ფანტაზია. ამის შესახებ დეკემბერში დასტინ გილბერტი წერდა. გილბერტმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ტენცენციის შესახებ რამდენიმე ზუსტი დასკვნა გააკეთა. ქართველებს რუსეთის მიმართ რთული დამოკიდებულება აქვთ. თუმცა ევრაზიის კავშირის მიმართ კეთილგანწყობა იმატებს და რუსული გავლენის ზრდის რეალური საფრთხეც არსებობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში იზრდება მათი რაოდენობა, ვინც მოსკოვის მიერ დაფუძნებული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომხრეა. ეს პროცესი ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის ზრდას ემთხვევა.

რატომ უნდა აღელვებდეს ეს დასავლეთს?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ტრაექტორიის განსაზღვრაში არ შევცდეთ. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის (ბალტიისპირეთის გამოკლებით) უდავოდ ყველაზე სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა. ეს არის უკანასკნელი იმედი რეგიონში, სადაც წლების განმავლობაში სტაგნაციასა და უკუსვლას ვხედავთ. შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის მილიარდები ჩადეს, საპასუხოდ კი, თბილისი თანმიმდევრულად ავლენდა დასავლეთისკენ სწრაფვის ენთუზიაზმს.

საქართველოს მთავრობა თითქმის ყველაფერს სწორად აკეთებს, თუმცა შეერთებულ შტატებსა და განსაკუთრებით ევროპაში, გაფართოების მოლოდინით გამოწვეულმა გადაღლილობამ საქართველოში ფატალისტური განწყობები გამოიწვია. სწორედ ამ დროს, საქართველოს პოლიტიკურ გარემოში პრორუსული ძალებმა ანტიდასავლური იერიში გააძლიერეს.

იმ შემთხვევაში თუ საქართველო დასავლეთს ზურგს შეაქცევს, ეს მხოლოდ ამ ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიას არ დააზარალებს. ამავე დროს, ეს მოსკოვს ევრაზიული კავშირის „შეკვრის” საშუალებას მისცემს, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში პირდაპირ დერეფანს მიიღებს, დასავლეთისთვის ევრაზიული ენერგეტიკული წყაროების ხელმისაწვდომობას შეამცირებს და ხილულ მომავალში რეგიონული დემოკრატიზაციის იმედს დაასამარებს.

რუსული დომინირების პირობებში საქართველო შეიძლება 1990-იანი წლების მდგომარეობას დაუბრუნდეს – არშემდგარი სახელმწიფო, რომელიც ღიაა უკანონო ვაჭრობისთვის. სამოქალაქო ომითა და სამხედრო დიქტატურით გაწამებულ ქვეყანაში შეიძლება რადიკალიზმის კარგი საფუძველი გაჩნდეს.

რა დგას იმ გამოკითხვების უკან, რომლებიც რუსული გავლენის ზრდაზე მიგვანიშნებს

„კავკასიის ბარომეტრის” 2013 წელს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით გილბერტი წერდა, რომ საქართველოში ევრაზიული კავშირისადმი მხარდაჭერა „2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა”. მაგრამ თავად გილბერტის ორგანიზაციის კვლევები განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. „კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრი” (CRRC), აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით 2013, 2014 და 2015 წლებში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ატარებდა. მათი შედეგები გვიჩვენებს, რომ ევრაზიული კავშირის მიმართ კეთილგანწყობა 2013 წლის აგვისტოში 11%-ს შეადგენდა, 2014 წელს 20%-მდე იყო, 2015 წლის აპრილში კი – 31%-მდე გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა.

„კავკასიის ბარომეტრისა” და NDI-ს კვლევებმა ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა განსხვავებული რაოდენობა რატომ აჩვენა? 2013 წელს ევრაზიული კავშირის იდეა პუტინის მიერ მხოლოდ ყალიბდებოდა და მისი საბოლოო ფორმირება, მხოლოდ 2015 წლის იანვარში მოხდა. ამდენად, საზოგადოებრივ წარმოდგენაში ეს თეორიული ორგანიზაცია იყო. „კავკასიის ბარომეტრის” კვლევის შედეგებს თუ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ გამოკითხულთა 44%-ს ევრაზიის კავშირის მიმართ მკაფიო აზრი არა აქვს.

დარჩენილი 56% ძალიან საინტერესოდ გადანაწილდა. ევრაზიული კავშირის მიმართ უარყოფითად განწყობილია მხოლოდ 24%, 17% „თანაბრად უჭერდნენ და არ უჭერენ მხარს” ამ ორგანიზაციას, 27%-მა კი ან აარჩია პასუხი „არ ვიცი” ან პასუხის გაცემაზე საერთოდ უარი თქვა. შეიძლება ითქვას, რომ „კავკასიის ბარომეტრის” კვლევა გვაჩვენებს, რომ 2013 წელს ხალხმა ევრაზიულ კავშირზე ბევრი არც არაფერი იცოდა.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, თუ როგორ დავსვამთ შეკითხვას. მაგალითად, „კავკასიის ბარომეტრმა” შეკითხვა ასე ჩამოაყალიბა – „რამდენად უჭერთ მხარს საქართველოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას?” ეს NDI-ს მიერ ფორმულირებული შეკითხვისგან საკმაოდ განსხვავდება.
NDI-ს მიერ 2013 წლის აგვისტოში და 2014 წლის აგვისტოში ჩატარებულ კვლევებში რესპონდენტებს ეკითხებიან: „ამ ორი მოსაზრებიდან რომელს იზიარებთ?” გამოკითხულებს შეეძლოთ აერჩიათ „ევრაზიული კავშირი”, „ევროკავშირი”, „ორივეს წინააღმდეგ”, „არ ვიცი” და უარი პასუხზე. ასეთი განსხვავებული შეკითხვები და პასუხები კვლევების შედეგების შედარებას ართულებს. NDI-ს 2015 წლის აპრილში ჩატარებულ გამოკითხვაში შეკითხვა ყველაზე პირდაპირ დაისვა – „ეთანხმებით თუ არა შემდეგს?”. სწორედ ამ კვლევამ აჩვენა, რომ ევრაზიულ კავშირს 31%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამ თვალსაზრისით რთულია იმის თქმა, აღინიშნება თუ არა პრორუსული განწყობების ზრდა. თუმცა ეს რუსული გავლენის ზრდის ერთადერთი ნიშანი არ არის.

ქართველები სულ უფრო მეტად ირჩევენ პრორუსულ კანდიდატებს

რუსეთის მიმართ ქართველების განწყობის ცვლილებების დანახვა, არჩევნების შედეგების შესწავლითაც არის შესაძლებელი. საქართველოში ჩატარებული ბოლო სამი არჩევნები – 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები – ბევრს არაფერს გვეუბნება სამი მიზეზის გამო – მონაცემები ცოტათი მოძველებულია; ისინი მხოლოდ იმ მოქალაქეების აზრს გამოხატავენ, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა; არჩევნების შედეგები არ აჩვენებს, თუ რა მოტივით დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა ამა თუ იმ კანდიდატს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მსგავს ელექტორალურ დემოკრატიაში (თუმცა არასრულყოფილში), არჩევნები პოლიტიკური ძალაუფლების გასაზომად ფინალური ასპარეზია.

2014 წელს რამდენიმე პარტიამ, რომელიც შეიძლება პრორუსულად ჩავთვალოთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაახლოებით 20%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის – ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებულმა ოპოზიციამ” და პოპულისტურმა „პატრიოტთა ალიანსმა” ერთად ხმათა 15% მოიპოვეს; ამომრჩეველთა კიდევ 5%-მა პატარა ანტიდასავლურ პარტიებს დაუჭირა მხარი. აქ არ იგულისხმება ის ამომრჩევლები, რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მისცეს ხმა და კოალიცია „ქართულ ოცნებას” გამოუცხადეს მხარდაჭერა. ამ კოალიციასაც აქვს თავისი ანტიდასავლური ფრთა.

ეს ძალიან განსხვავდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისგან, რომელზეც ანტიდასავლურ პარტიებს ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 13%-მა მისცა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ერთადერთმა პრორუსულმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. დონკიხოტურ „ლეიბორისტულ პარტიას”, რომელსაც შალვა ნათელაშვილი ხელმძღვანელობს, მაშინ 1,2%-მა მისცა ხმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრორუსულმა პარტიებმა სულ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვეს.
რატომ იყო პრორუსული განწყობები რამდენიმე წლის წინ ასეთი პატარა? 2004-2012 წლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, რუსეთის მხარდაჭერა სახიფათო იყო. ამ წლებში დისიდენტებს რეჟიმი სდევნიდა, აპატიმრებდა და მიზეზით თუ უმიზეზოდ „რუსეთის ჯაშუშობაში” ადანაშაულებდა. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მოსახლეობაში ტრავმატული განცდები დატოვა. „ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მოსახლეობას ხშირად ეუბნებოდა, რომ ევროპული ინტეგრაცია ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდებოდა.

დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ცხადი გახდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში მოკლე ხანში ვერ გაწევრიანდებოდა. ამ პერსპექტივის მიმართ საზოგადოებრივმა იმედგაცრუებამ ევრაზიული კავშირის, როგორც ალტერნატივის მიმართ მხარდაჭერა გაზარდა.

მაინც რაშია ევრაზიული კავშირის მომხიბვლელობა?

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პროდასავლურია და მას ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დიპლომატიური კავშირები სწორედ ამ მიმართულებით აქვს. მათ შორისაა ევროკავშირთან 2014 წლის ივნისში გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, საქართველოს შესვლა ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრვცეში, NATO-სთან სწრაფად მზარდი კავშირები და 2016 წელს ევროკავშირთან მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაცია.

თუმცა „ქართული ოცნების” მთავრობა მოსახლეობას ამ მიღწევებს იმდენად კარგად ვერ აცნობს. მთავრობამ ვერც ეკონომიკური შოკის თავიდან აცილება შეძლო ისეთ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ისედაც სერიოზული პრობლემა იყო. იმისთვის, რომ ევრაზიის კავშირის მომხრეები ევროკავშირის მხარდამჭერებზე ნაკლები იყვნენ, აუცილებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ჩვეულებრივ ადამიანებს ფული უნდა გაუჩნდეთ.

მაგალითად, 2013 წელს ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები პრორუსულად განწყობილ ხალხს დღესაც აღემატებიან, თუმცა ევროინტეგრაცია კვლავაც შორეულ იმედად რჩება, ევრაზიული კავშირი კი უკვე ხვალინდელი მოლაპარაკებების თემად შეიძლება იქცეს.

რუსეთის მიმართულებით საქართველოს დრეიფი შესაძლოა ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდეს

ბოლო გამოკითხვები და სხვა ტენდენციები ცხადყოფს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა შეიძლება პრორუსული განწყობების ზრდა აჩვენოს. საეჭვოა, რომ პრორუსულმა პარტიებმა პროდასავლურ ძალებზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ. მაგრამ პრორუსულმა პარტიებმა შეიძლება პარლამენტში საკმარისი სკამები მიიღონ იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოში არსებული პროდასავლური კონსენსუსი. მაშინ, როდესაც ძირითადი პროდასავლური პარტიები – „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს დესტრუქციულად ებრძვიან, ამით შეიძლება პრორუსულმა პარტიებმა ისარგებლონ და თავისი გავლენა გაზარდონ.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გარნიზონების გაძლიერების პირობებში, სტაბილურობის შესანარჩუნებლად თბილისს პრაგმატიზმის გამოჩენა სჭირდება. თუმცა რუსეთის მიმართულებით დრეიფმა შეიძლება საქართველოს დასავლური ნავსაყუდელი დააკარგინოს, ეს კი რუსეთს დომინანტურ ძალად აქცევს. დასავლეთისთვის საქართველოს დაკარგვა მხოლოდ რუსეთის გაძლიერებას არ ნიშნავს. რუსეთი შეძლებს ევროპისა და ევრაზიის დამაკავშირებელი ისეთი სტრატეგიული სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას, რომელიც რეგიონული ძალების – რუსეთის, თურქეთის, ირანისა და ევროპის შეხვედრის ადგილზე მდებარეობს.

,,პოლიტკომერსანტი”

Leave A Reply

Your email address will not be published.