ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილოს

”ქართული ოცნების” დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა იმ კანონებს შორის აღმოჩნდეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილა.

საუბარია ე.წ. დედოლარიზაციის ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის და მომსახურების გაწევისას, რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ამასთან, პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებული წესი, შესაძლოა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგინდეს.

”ქართული კანონმდებლობა არ იცნობს იმას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შეიძლება მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შეიცვალოს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგბა კონსტიტუციას და ”ნორმატიული აქტების შესახებ” კანონს. თუკი რაიმე გამონაკლისი არსებობს, ეს თავად კანონში იწერება, სიტყვა ”გარდა”-ს ან სხვა პუნქტის დამატებით, თუ რაზე არ ვრცელდება პარლამენტის მიერ დადგენილი შეზღუდვები. მოგიწოდებთ, ეს კარგი რეფორმა არ დავაყენოთ დარტყმის ქვეშ იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდა პარლამენტში შემოიტანოს საგამონაკლისო წესები და სურს, საგამონაკლისი წესები თავის დახურულ კაბინეტში გამოაცხოს. პარლამენტი იმიტომ არის პარლამენტი, რომ კონსტიტუციის ძალით მხოლოდ მას აქვს კანონებში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საკანონმდებლო პაკეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.