ზაქარია ქუცნაშვილსა და ლევან მურუსიძეს შორის შელაპარაკება მოხდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსა და საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

ლევან მურუსიძემ სიტყვით გამოსვლის დროს მის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულად მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გაუკრიტიკებია, არსებული კანონმდებლობა კი იმ დროსათვის გირგვლიანის საქმეზე სხვა განაჩენის გამოტანის საშუალებას არ იძლეოდა.

სიტყვა დარბაზში ლევან მურუსიძეს ზაქარია ქუცნაშვილმა შეაწყვეტინა და მიმართა, რომ ამ თემის განსახილველად შეკრებილები არ არიან.

სიტუაციის განმუხტვა საბჭოს წევრმა თამარ ალანიამ სცადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლევან მურუსიძემ გირგვლიანის საქმეზე საჯარო განმარტებების გაკეთება მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო გადაწყვიტა. თუმცა კონფერენციაზევე ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ ის შეხვედრაზე მურუსიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მოსასმენად არ მისულა და დარბაზში ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს, მით უფრო, რომ დღის წესრიგში მსგავსი საკითხი საერთოდ არ არის.

Comments
Loading...