ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მიმართავს


ადამიანის წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს:
„ონლაინმედიით გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით “”როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”. ვიდეო, ქართულმა მედიასაშუალებებმა ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდიდან აიღეს. გამოქვეყნებულ კადრებზე ასახულია მამაკაცის წამება, რის შემდეგაც ის გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. უკვე ცნობილია, რომ კადრების გავრცელების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე, ონლაინმედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვიდეო, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალების ნაწილია. ინფორმაცია მხოლოდ წერილობით, ვიდეომასალის დართვის გარეშე მხოლოდ ქართული საინფორმაციო ვებგვერდების ნაწილმა გაავრცელა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს მედიასაშუალებებს, მოერიდონ ადამიანის წამების ამსახველი ვიდეომასალის ამგვარი ღირსებისშემლახველი ფორმით გავრცელებას; განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაურკვეველი წარმომავლობისა და ანონიმური წყაროების მიერ ინტერნეტში ატვირთულ მაკომპრომეტირებელ მასალებს. ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს, რომ მომავალი საარჩევნო წლის განმავლობაში, გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გახდება”- ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...