ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთთან საბაჟო ადმინისტრირების შესახებ მუშაობა დაასრულა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ ორ ქვეყანას შორის საბაჟო ადმინისტრირების შესახებ მუშაობა დაასრულა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

როგორც აბაშიძე აცხადებს, „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე ქვეყანამ მუშაობა ჯერ კიდებ გასულ წელს დაასრულა.

აბაშიძის მტკიცებით, ამ მიმართულებით ქართული მხარე შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად რუსეთის მხარის მზაობას ელოდება.

გრიგორი კარასინის განცხადებით კი, რუსეთის მხარე, შვეიცარელ კოლეგებთან ერთად შეეცდება, აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა დააჩქაროს.

რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა.

Comments
Loading...