ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანას საჯაროდ დათესვით იმუქრება

იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, “გირჩის” წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძემ მედიას ამ საკითხზე მათი პარლამენტისადმი მიმართვა გააცნო.

“გირჩი” ითხოვს: მოხდეს მარიხუანას და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია, ასევე საკუთარი მოხმარების მიზნით მარიხუანას კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია.

“ჩვენ (გირჩი), ვარსებობთ მხოლოდ მეტი თავისუფლების მოპოვების მიზნით. ჩვენ ყველა თემას ვუკავშირებთ ადამიანის თავისუფლებას, თავისუფლება კი იწყება საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის განკარგვის სრული თავისუფლებიდან. ჩვენი აზრით ეს არის ადამიანის ნებისმიერი სხვა უფლების ფუნდამენტი და მის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა.

ჩვენ და არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი წლებია ტრადიციული მეთოდებით ვცდილობთ ამ ქვეყანაში არსებული დრაკონული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას. ჩვენი შეთავაზება წინა მოწვევის პარლამენტისთვის, გადაედგა თუნდაც უმნიშვნელო ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მიუღებელი აღმოჩნდა.

წლების განმავლობაში ასობით ათას მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, სახელმწიფომ გაუმწარა და დაუნგრია ცხოვრება, მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში ორი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს.

სახელმწიფო მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით, შემდეგ ექცევა მის ტყვეობაში და ბრმად რეაგირებს მასზე. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოება დავაფიქროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის თავისუფლება – მოეპყროს თავს საკუთარი ნების შესაბამისად, რა კატასტროფული შედეგები მოაქვს სახელმწიფო ძალადობას და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მეტ თავისუფლებას როგორც კონკრეტულად ამ საქმეში, ისე ზოგადად.
ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში:
1. მოხდეს მარიხუანის და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია;
2. ქვეყანაში მოხდეს საკუთარი მოხმარების მიზნით, მარიხუანის კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია.
ახალ წლამდე მე-9 მოწვევის პარლამენტს ექნება საკმარისზე მეტი დრო, რათა განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას კი წინასაარჩევნოდ ყველა საპარლამენტო პარტია პირდებოდა ამომრჩეველს.

თუ ახალი პარლამენტი პირველი საშემოდგომო სესიის განმავლობაში არ განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23 საათსა და 59 წუთზე, „გირჩის“ ოფისში, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, ჩვენ, გირჩის წევრები, სხვა ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად დავთესავთ მარიხუანას.

ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ ამ ქმედებით ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე.

ჩვენ არ ვართ გიჟები, გვყავს ოჯახები, გვაქვს უამრავი მნიშვნელოვანი საქმე და არ გვსურს ცხოვრების რამდენიმე წლის პატიმრობაში გატარება. გირჩისთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, თავისუფლებისთვის პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა. მარიხუანა ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელია. აკრძალული რომ იყოს ალკოჰოლი – დავრგავდით ვაზს; აკრძალული რომ იყოს ნიკოტინი – დავრგავდით თამბაქოს ბუჩქს.

გვესმის, რომ მივდივართ რისკზე, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული ვართ რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. თუ გავიმარჯვებთ ახლა, მაშინ გარდაუვლად გავიმარჯვებთ მეტი თავისუფლებისთვის ყველა შემდგომ ბრძოლაშიც”,- ნათქვამია მიმართვაში.

Comments
Loading...