ზურაბ ჭიაბერაშვილი : მთავრობა აგრძელებს მავნებლურ პოლიტიკას და ოპოზიციციის რჩევებს არ ითვალისწინებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა აგრძელებს მავნებლურ პოლიტიკას ლართან მიმართებაში და ოპოზიციის რჩევებს არ ითვალისწინებს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მთავრობამ შეწყვიტოს შიდა ვალის აღება და დეფიციტური ხარჯვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა გამოუსწორებელ შედეგებამდე მივა.

„ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აგრძელებს მავნებლურ პოლიტიკას, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახება. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ვერ უმკლავდებიან გარკვეულ ფაქტორებს, რამაც შეიძლება ლარის დევალვაცია გამოიწვიოს, საუბარია, რომ თავად ატარებენ ისეთ პოლიტიკას, რასაც პირდაპირ მივყავართ ლარის გაუფასურებამდე. ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც არ უნდა გააკეთოს და რაზეც არაერთხელ გაგვიფრთხილებია. ეს არის საშინაო ვალების აღება და დეფიციტური ხარჯვა, რაც იწვევს იმას, რომ ქვეყანაში ისედაც დოლარი ნაკლებად შემოდის, ექსპორტი არ იზრდება, ტურისტების ნაკადი სეზონურად მცირდება, არ შემოდის ინვესტიციები, მთავრობა არ დგამს სწორ ნაბიჯებს. მოქალაქეებმა კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ და ჩვენ, მთავარი ოპოზიციური პარტია ამას ვითხოვთ, რომ მთავრობამ შეწყვიტოს მავნებლური პოლიტიკა, დეფიციტური ხარჯვა, შიდა ვალების აღება. სხვანაირად მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს მომხდარ ეკონომიკურ ცვლილებებზე მთლიანად პასუხისმგებელია როგორც ეკონომიკური გუნდი, ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

წყარო:ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...