ზვიად ტომარაძე ეკა გიაგაურს სიტი პარკის ლობისტობაში ადანაშაულებს

„შევეცდებით ჩვენი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვას!” – „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე განცხადებას ავრცელებს:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარლამენტარებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ჩემი და როინ მიგრიაულის კანონპროექტს „სითი პარკზე”, რომელიც სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში წარადგინა! „სითი პარკმა” როდესაც დაინახა, რომ ამ კანონპროექტით ფაქტიურად ვეღარ მოიპარავდა ჩვენს ავტომობილებს, გამონახა ლობისტი გრანტიჭამია არასამთავრობო ეკა გიგაურის სახით!! ისინი აგრძელებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს!!! კანონპროექტის განხილვა პარასკევს უნდა შედგეს იურიდიულ კომიტეტში და მას მე და როინ მიგრიაულიც დავესწრებით, სადაც შევეცდებით ჩვენი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვას!!!” – აცხადებს ტომარაძე.

„2015 წლის 29 მაისს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს შედეგი არ მოჰყოლია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა „რეპორტიორის” პრესკლუბში ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტს განსახილველად მისი ინიცირებით ახალი კანონპროექტი შესთავაზა, რომლის ავტორებიც ზვიად ტომარაძე და როინ მიგრიაული არიან. კანონპროექტი „სითი პარკს” უფრო მკაფიო რეგულაციებს დაუწესებს. სოსო ჯაჭვლიანმა დასძინა, რომ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 19 ნოემბერს შევიდა.

15 ივნისს ძალაში შესული ცვლილებების შედეგად, მკაფიოდ განიმარტა ის სამი შემთხევევა, რა დროსაც შესაძლებელია ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა: ავტომანქანა, რომლის მფლობელიც მასში არ იმყოფება, არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საცობსა და საავარიო სიტუაციას, არ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სპეციალურ ავტოსადგომზე. კომპანია „სითი პარკი” ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მოქალაქეთა ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანას და მათი საკუთრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.

კომპანია კანონში არსებულ ჩანაწერს „არ აფერხებს მოძრაობას” სათავისოდ კითხულობს და ნებისმიერი ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისას, ფეხით მოსიარულეთა „მოძრაობის შეფერხებით” ამართლებს. ასევე სარგებლობს ჩანაწერით: „სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია” ან „დგომა აკრძალულია” მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს”. აღნიშნული ჩანაწერი ჩვენს კანონპროექტში არ იყო, ის დაემატა პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ, აშკარაა, რომ ამ ჩანაწერის „ავტორი” ამით „სითი პარკს” ლობირებდა. ჩვენთვის დღემდე უცნობია მისი ვინაობა”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც ახალი კანონპროექტით არის განსაზღვრული.

„ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორი ბ-ნი სოსო ჯაჭვლიანი, ხოლო ავტორები როინ მიგრიაული და მე გახლავართ, ცვლილებები შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლში:

1. ავტომანქანის გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საავტომობილო მოძრაობას ან ქმნის საცობს. კანონში კონკრეტდება, რომ „საავტომობილო მოძრაობის” და არა ფეხით მოსიარულეთა შეფერხების შემთხვევაში ხდება ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანა.

2. კანონიდან ხდება მესამე შემთხვევის ამოღება: „თუ ქმნის საავარიო სიტუაციას”, რომლის შემთხვევაშიც „სითი პარკს” ჰქონდა მანქანის ევაკუირების შესაძლებლობა.

3. კანონიდან ხდება ამ ჩანაწერის ამოღება: „სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია” ან „დგომა აკრძალულია” მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს”.

4. კანონს ემატება ჩანაწერი: „დაუშვებელია სპეციალურ დაცულ სადგომზე იმ ავტომანქანის გადაყვანა, რომელიც არღვევს ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია” ან „დგომა აკრძალულია” მოთხოვნას, მაგრამ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას ან არ ქმნის საცობს”, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს. ორგანიზაცია პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ შეთავაზებულ ცვლილებებს.

„შემოთავაზებულ ვარიანტში მთავარი ცვლილებაა სიტყვა „მოძრაობის” ჩანაცვლება სიტყვათშეთანხმება „საავტომობილო მოძრაობით”, რაც გულისხმობს, რომ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება, მაგალითად, ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტის მიზანი და ძირითადი არსი ხსენებული მუხლის მოქმედების სფეროდან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხების შემთხვევების გამორიცხვაა. წარმოდგენილი კანონპროექტი საფრთხის შემცველია და (დამტკიცების შემთხვევაში) მნიშვნელოვნად გააუარესებს მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში.

„საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოქალაქეს, გადაადგილდეს გზის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე, ტროტუარზე და აწესებს აკრძალვას მოცემულ მონაკვეთზე ავტომობილის გაჩერებისათვის. შემოთავაზებული კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხვევაში, ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისათვის, რომელიც შეიძლება აფერხებდეს მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას, სანქციის სახით დაწესებული პასუხისმგებლობა – დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა აღარ იარსებებს. შესაბამისი ორგანოები კი, მხოლოდ საჯარიმო ქვითრის გამოწერით შემოიფარგლებიან.

ვფიქრობთ, არასაკმარისი საშუალებაა და საკმარისად ვერ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს. საქართველოს დედაქალაქში დღესაც ხშირია ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების შემთხვევები, რაც აფერხებს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად გაუვალს ხდის ტროტუარს ქვეითებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ აისახება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დადიან ქუჩაში, რადგანაც მათთვის განსაკუთრებით რთულია ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილისთვის გვერდის ავლა. დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილება (რომლის თანახმადაც, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეების მოძრაობას აფერხებენ) გულისხმობს ტროტუარზე პარკირების პრობლემასთან ბრძოლის დღეს არსებული ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ეფექტური მექანიზმის გაუქმებას და ამდენად მნიშვნელოვნად დაამძიმებს როგორც ზოგადად ფეხით მოსიარულეების, ისე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში.

ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ აუარესებს მდგომარეობას საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქების მოწყობის თანამედროვე პრინციპებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივას”, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.

წყარო
“რეპორტიორი”

Leave A Reply

Your email address will not be published.