ზვიად ტომარაძე გვარამიას – ნომინაცია რომ არსებობდეს : „წლის ყველაზე იდიოტური სტატუსი“…

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმაურება

სოციალურ ქსელში ნომინაცია რომ არსებობდეს : „წლის ყველაზე იდიოტური სტატუსი“, 2015 წელს პირველ ადგილს ვერავინ შეგეცილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი.

ნამდვილად არ მეგონა საქართველოში ვინმესთვის (მითუმეტეს ინტელექტუალისთვის) იმის ახსნა თუ დამჭირდებოდა, რას ნიშნავს ქართველი კაცისთვის ვაზი. უამრავი რამ შეიძლებოდა ვაზის შესახებ დამეწერა, მაგრამ გიორგი ლეონიძის 1962 წლის სტატიაც სრულიად საკმარია:

„ქართველი კაცი და ქართული ვაზი ერთმანეთის მოჭირნახულენი არიან. ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე.
გარემომდგომი მტერი – თურქი, ხაზარი, არაბი, მონღოლი, სპარსი, ლეკი უმოწყალოდ ჩეხდა, ბუგავდა, სრესდა, თქერავდა ვაზს, – როგორც ჩვენი ცხოვრების მთავარ წყაროს, – მაგრამ ნახანძრევ ნაცარში მაინც ღონეს იკრებდა დაბუგული, გასრესილი ქართული ვაზის ფესვი. ქართულ ვაზს არასდროს არ დაუძინია. ტყუილი ნათქვამი როდია, – “ჯაგრცხილა, რქაწითელი და გლეხიკაცი ყველაფერს გაუძლებსო”. აკი კიდევაც გაუძლო ისტორიის ქარტეხილს ქართულმა ვაზმა! ქართველ კაცს არც შეეძლო ცხოვრება უვაზოდ. მისი ეკონომიური მნიშვნელობა დიდი იყო და არის დღესაც. ქართველი ერი ღვინით იშორებდა დამპყრობელთა მიერ დადებულ მძიმე ხარკს. სპარსეთსა და ოსმალეთს საუკუნეების განმავლობაში მუქთად გაჰქონდათ ქართული ღვინო! “ღვინო ქართველი კაცის ხმალია”-ო, იტყოდნენ ძველად და მართლაც, ლხინში, ჭირში, ომში, შრომაში, სიკვდილზე უღვინობა საქართველოში შეუძლებელია! ჩვენი მეურნე მამაშვილურად უვლის ვაზს, “შვილიდარს” ეძახის, ე. ი. შვილის დარს, მასავით საყვარელს. მართლაც, შვილივით აყვანილი ჰყავს ვაზი და ამაზე მეტი სიყვარული-ღა იქნება? ამიტომაც არის, რომ იგი შვილივით იფიცავს ვენახს. “ისე არ გამიწყრეს ჩემი ვენახის მადლი”, “ისე შემეწიოს ვაზის დედა”
ვაზის ამჩეხი და კაცის მკვლელი ქართველი კაცისათვის ერთია!
დაე, მშვიდობიან ცის ქვეშ ჰყვაოდეს მუდამ ქართული ვაზი!“

ახლა მეორე საკითხზე გადავიდეთ, ქვეყნის კუთხეებად ასე ბრიყვული დაყოფა (აჭარა და კახეთი) და მათი პრორუსულ ორიენტაციად წარმოჩენა ფრიად მიუღებელია. თუმცა ასეც რომ იყოს, რატომ არ დაინტერესებულხარ რა არის ამის მიზეზი? პირველ რიგში ამის მიზეზი, შენში და შენს „საძმაკაცოშია“, როგორც პარტიულ ასევე არასამთავრობო ჭინკა სექტორში. სწორედ თქვენ შეაზიზღეთ საზოგადოებას დასავლეთი! ისე წარმოაჩინეთ თითქოს ევროპა და ამერიკა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის ლობისტი, ყოველგვარი ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის მტერი იყოს და არა კანონის უზენაესობის, სახელმწიფოებრივი შეგნების, კულტურის, ტექნოლოგიების, ეკოლოგიის, ბუნების მოვლის და ა. შ. სწორედ შენი რუსთვი2-ის მეშვეობით ხდება ამ ყველაფრის ასე დამახინჯებულად წარმოჩენა! ან რუსთვი2-ის რომელ სიტყვის თავისუფლებაზე და განსხვავებულ აზრზეა საუბარი, როდესაც ყოველდღე ერთიდაიგივე „ხლისტური აზროვნების“ მქონე ადამიანების ცქერით დაღალეთ საზოგადოება და შავ სიაში გყავთ შეყვანილი განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები.

და ბოლოს, მესამე საკითხი, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წელს 5 მილიარდ 735 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა!
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ემიგრანტების ფულადი გადმორიცხვების მეშვეობით არსებობს. 2014 წელს ფულადმა გზავნილებმა 1.44 მილიარდი $ შეადგინა (ქვეყნის მშპ–ის 8.7%). აქედან 49.2% რუსეთზე მოდის (709.23 მილიონი $).

2014 წელს ღვინის ექსპორტმა შეადგინა 180.7 მლნ. აშშ დოლარი. ძირითადი ექსპორტი განხორციელდა: რუსეთი (62%), უკრაინა (11%), ყაზახეთი (9%), ბელარუსი (4%), ჩინეთი (3%), პოლონეთი (2%), ლატვია (2%) და ლიტვა (2%).

სპირტიანი სასმელების ექსპორტმა შეადგინა 95.2 მლნ. აშშ დოლარი. ძირითადი ექსპორტი განხორციელდა: უკრაინაში (25%), რუსეთში (18%), საფრანგეთსა (11%) და ნიდერლანდებში (13%).

ციტრუსის ექსპორტმა შეადგინა 14.7 მლნ. აშშ დოლარი. ძირითადი ექსპორტი განხორცილედა: რუსეთში (62%), უკრაინასა (21%) და აზერბაიჯანში (10%).

ზემოაღნიშნულიდან გამდინარე, ღვინის და ციტრუსის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში 9.9%-ია (ექსპორტში ვერ ჩაითვლება მსუბუქი ავტომობილები (517.8 მლნ $), რადგან ეს რეექსპორტია).
მე მესმის, რომ ქართველი ერი ნაციონალური მოძრაობის წარმოსახვაში მოსამსახურე პერსონალად მოიაზრებოდა და არა მწარმოებლად, მაგრამ გონიერი ადამიანი მაინც უნდა ხვდებოდეს თუ რას ნიშნავს ქვეყნის ექსპორტის თითქმის 10%-ის შენივე სიტყვებით რომ ვთქვათ „მოშორება“. კიდევ შეიძლება შემოდავება ყურძნის დაბალხარისხიანობაზე, ჩაის კულტურის გამოცოცხლებაზე, ნაცმოძრაობის მიერ რუსეთისთვის მიყიდულ ობიექტებზე, მაგრამ ამჯერად რაც დავწერე ესეც საკმარისია.

მართალია რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისულეები წამოვროშოთ. თუმცა ძველი ქართული ანდაზის არ იყოს: „სიძულვილიც სიყვარულივით ბრმააო.“

Leave A Reply

Your email address will not be published.