ზვიად ტომარაძე: სხვა საქართველო, ირანის სამხრეთით, ფერეიდანშია…

„მიუხედავად ირანში საქართველოს საელჩოს გაფრთხილებისა, რომ არ ჩამეტანა ქართული წიგნები, რადგან შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შემქმნოდა, მაინც გავემგზავრე ფერეიდანს, იქაური ქართველებისთვის ქართული წიგნების ჩასატანად“, – ამ განცხადებას დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

„ყველას გვახსოვს ციტატა “სხვა საქართველო სად არი?” ანა კალანდაძის შესანიშნავი ლექსიდან „საქართველოო ლამაზო…“ ჩემი ფერეიდანში სტუმრობიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა საქართველო, ირანის სამხრეთით, ფერეიდანშია…

6 მაისს თბილისიდან – ბაქოში, ხოლო 7 მაისს ბაქოდან თეირანში ჩავფრინდი. გამიმართლა, თურმე 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით თეირანში წიგნების საერთაშორისო ფესტივალი იმართებოდა. აქედან გამომდინარე, ქართული წიგნების გამო პრობლემები აეროპორტში არ შემქმნია. ანდრო ნაგელიანის (ფანიაშვილი) დახმარებით მოვინახულე თეირანის წიგნის ფესტივალის ქართული კუთხე და თეირანში მცხოვრები ქართველობა. ფესტივალზე ჩატანილი წიგნების დიდი ნაწილი დავტოვე. საღამოს ანდროსთან ოჯახში სადილზე მკითხეს, რაზე ჩაფიქრდიო? საქართველო უკვე მენატრება-თქო, რომ ვუპასუხე, შენ ორი დღეა გენატრება და ჩვენ კიდევ – 400 წელიაო… გვიან ღამით ავტობუსით გავემგზავრე ისპაჰანს (თეირანიდან 400 კილომეტრია). ისპაჰანში დამხვდა ფერეიდნელი ქართველი ჰამლეტ ლაჩინაშვილი, რომელმაც ისპაჰანში მდებარე შაჰ აბასის სასახლე, ალავერდი-ხან უნდილაძის აგებული ხიდი დამათვალიერებინა და ისფაჰანის ქართველები გამაცნო, რის შემდეგაც წავედით ფერეიდანს (ფერეიდნამდე 200 კილომეტრია). მინდა გითხრათ, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ფერეიდანს მეორე საქართველო ვნახე… მანქანაში უმრავლესობა მხოლოდ ქართულ სიმღერას უსმენს, ტელეფონშიც ქართული შრიფტები უყენიათ, სახლშიც შეძლებისდაგვარად ქართულად ლაპარაკობენ. დამშვიდობებისას აუცილებლად გეტყვიან, ღმერთს ებარებოდეო…

ფერეიდნის მთებსაც ქართული სახელები ჰქვია: თათარა, სასკლინტე და ციხე. ციხეს მთა მათთვის წმინდაა, ქერიმ-ხანს უკითხავს, შაჰს ფულს ვინ არ უხდისო? ვინ და, ფერეიდნელი გურჯებიო, ჰოდა, ფერეიდანს დიდი ჯარით წამოსულა, ციხეს მთასთან ქართველებს ძლიერად უომიათ, მაგრამ ძალიან დიდ ჯართან ვერაფერს გამხდარან და ციხეს მთიდან ათეულობით ქალი გადმომხტარა, თავი მოუკლავთ, მტერს რომ არ ჩავრდნოდნენ… 150 წლის წინ ფერეიდანის ქართველობა ძირითადად ჯერ კიდევ ქრისტიანები ყოფილან, როდესაც რჯული ძალით შეაცვლევინეს, სომხები მისულან და ქართული (ქრისტიანული თქვენ აღარ გჭირდებათო) წიგნები უყიდიათ და წაუღიათ, სომხურად გადაუთარგმნიათ და თავისად გაუსაღებიათ… საქართველოში ფერეიდნელების მაქსიმუმ 10% თუ იქნება ნამყოფი. 2 წელია საქართველომ ირანს სავიზო რეჟიმი დაუწესა და ირანის მოქალაქეებისთვის ჩამოსვლა ძალიან გართულდა (ამაზე მოგვიანებით, მეორე ნაწილში მოგიყვებით). ერთი ფერეიდნელი ახალგაზრდა გავიცანი, რომელიც შარშან საქართველოში ჩამოსულა, აჭარაში საბაჟოზე ვიზა არ მიუციათ, ვერ შეგიშვებთო, ფერეიდნელს უთქვამს, მაშინ 2 წუთით გადამიშვით, მიწას ვაკოცებ და გამოვბრუნდებიო… მებაჟეს შერცხვენია და 10-დღიანი ვიზა მიუცია… ჩემი ფერეიდნელი მასპინძელი ჰამლეტ (ჰადი) ლაჩინაშვილი ოჯახთან ერთად შარშან საქართველოში ჩამოსულა, წასვლისას ჰადის ვაჟს (13 წლის გახდა ორი დღის წინ) მამისთვის ტირილით უთქვამს, თქვენ წადით და მე აქ ჩემს სამშობლოში დამტოვეთო…

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ ამის გამო, მაღაზიებზე და მანქანებზეც ხშირად შეხვდებით ქართულ წარწერებს. ძალიან უყვართ დათო კენჭიაშვილის და ზოგადად ხალხური სიმღერები. ფერეიდნელები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს საელჩოს დაკავშირებიან და ომში წამოსვლა სდომებიათ, საელჩოს უარი უთქვამს. ძალიან განვიცდიდით და ვტიროდითო, ომის ამბების გასაგებად საზღვარგარეთ ვრეკავდითო. ფერეიდანში უცხო ენების შემსწავლელი სკოლაა, სადაც ქართული ენა ისწავლება. შევხდი სკოლის დირექტორს რეზო ხუციშვილს და წიგნები გადავეცი. სკოლაში ქართული წიგნების ნაკლებობა აქვთ, რამდენიმეჯერ მიუწერიათ საქართველოს განათლების სამინისტროსთვის და არანაირი პასუხი მათგან არ მიუღიათ. ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის და სხვა სამინისტროებისთვისაც მიუმართავთ, მაგრამ არც იქიდან მიუღიათ პასუხი. საქართველოს საელჩოც ჯეროვან ყურადღებას ვერ (არ) გვაქცევსო. ამიტომაც სინანულით ამბობენ, ჩვენ გვიყვარს საქართველო და საქართველოს ჩვენ არ ვუყვარვართო… საელჩოში ფერეიდნელ ქართველებს ირანის მოქალაქეებისგან არ გვანსხვავებენო. წელიწადნახევრის წინ, როდესაც საქართველომ მხოლოდ ირანს დაუწესა სავიზო რეჟიმი, ირანელ ქართველებს საქართველოში ჩამოსვლა გაურთულდათ, 3 თვე ველოდებით ვიზაზე პასუხს და ხშირად ვიზაზე უარსაც გვეუბნებიანო. ქართულმა ბანკებმა ირანის მოქალაქეებს (მათ შორის ფერეიდნელებს) ანგარიშები გაუყინეს, ეს პრობლემა დღესაც არის. იმ ფერეიდნელებსაც კი, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, საზღვარზე ქართულ პასპორტთან ერთად პრეზიდენტის ბრძანებულებას სთხოვენ. ფერეიდანში ძირითადად კახურ გვარებს შეხვდებით (ფანიაშვილი, ონიკაშვილი, ლაფანაშვილი, გუგუნაშვილი), თუმცა არიან იოსელიანები და თავაძეეებიც, რაზეც მე ვეხუმრე: თქვენი წინაპრები სვანები და გურულები კახეთში ცუდ დროს დაპატიჟეს ქორწილში და შაჰ აბასმა ფერეიდანს ისინიც წამოაყოლა-თქო… რაზეც ბევრი იცინეს… 2014 წლის აღწერის შედეგად საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3 700 000-ია და ჩვენთვის თითოეული ქართველი მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ისეთი ქართველები, როგორიც ფერეიდანის ქართველობაა. ყოველივე ამის ფონზე გასაკვირია ხელისუფლების უმოქმედობა მათ მიმართ.

მე შევპირდი ფერეიდნელ ქართველებს, რომ დავეხმარები. კერძოდ, 1. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში შემპირდნენ, რომ ფერეიდნელი ქართველებისთვის სახელმძღვანელოებს დაბეჭდავენ. 2. ვაპირებ, შევხდე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და 300-მდე ფერეიდნელ ქართველის მოქალაქეობის მინიჭება ვთხოვო. ბოლოს მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმძღვანელოებისთვის გამომცემლობა „პალიტრას “და ტარიელ ხეჩიკაშვილს (სპორტის მინისტრი); ჰადი ლაჩინაშვილსა და ანდრო ნაგელიანს (ფანიაშვილი) ირანში მასპინძლობისათვის“, – წერს ტომარაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.