პარიზში, ლუვრის მუზეუმის გაქურდვის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ცნობილია. პარიზის პროკურორმა, ლაურა ბეკომ განაცხადა, რომ ქურდებმა, დაახლოებით 88 მილიონი ევროს (102,63 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების სამკაულები მოიპარეს. 

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ეკონომიკური ზარალია, მაგრამ ეს არაფერია იმ ისტორიულ ზიანთან შედარებით, რომელიც ამ ქურდობით იყო გამოწვეული", - განაცხადა პროკურორმა მედიასთან.

ცნობისთვის, მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში ტექნიკური თანამშრომლის უნიფორმაში ჩაცმული ორი პირი მობილური ამწეს დახმარებით შეიჭრა. მძარცველებმა ფანჯარა ჩატეხეს და საგამოფენო დარბაზში შეაღწიეს.

ოპერაციის დროს, დამნაშავეებს კიდევ ორი შენიღბული პირი მდინარე სენასთან, სკუტერებით ელოდებოდა. ჯგუფმა შენობაში შესაღწევად ფასადის ის ნაწილი აარჩია, რომელიც მდინარის პირდაპირ მდებარეობს და სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

"აპოლონის" გალერეიდან, მძარცველებმა, სულ 9 ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატი გაიტანეს. ნაძარცვს შორისაა ნაპოლეონ ბონაპარტის და მისი მეუღლის კუთვნილი სამკაულები და საიმპერატორო ატრიბუტები.