"ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე სარჩელზე საუბრობს.
სიორიძის განცხადებით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც პარტიების აკრძალვას გაამართლებდა.
"ქართულ ოცნებას" თავის სარჩელში არ აქვს მოყვანილი არც ისეთი ფაქტები და არ არსებობს არც ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას. თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, პოლიტიკური სარჩული აქვს, თუნდაც იმას, რომ ხელოვნურად არის გადაბმული ეს საქმეები, როდესაც არანაირი კავშირი აქ არ არის, არანაირი ფაქტი არ არის მოყვანილი პარტიების არაკონსტიტუციურობის," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, კვლავ დროის გაჭიანურებას შეეცდება. მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია.
"ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. მხარეებმა უკვე გაიარეს მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობის და ახსნა-განმარტებების ეტაპები. ბრალდებები მძიმეა - საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
