აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება. ცხრათვიანი პაუზის შემდეგ დაგეგმილი პირველი შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ეკონომიკური აღდგენა და ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მხარეები ტერიტორიებთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებებზე მუშაობენ, თუმცა ოფიციალური პოზიციები კვლავ განსხვავებულია. მოსკოვი უკრაინისგან ოთხი ანექსირებული რეგიონიდან ჯარების სრულად გაყვანას, NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას და შეიარაღებული ძალების შემცირებას ითხოვს.

გარდა ამისა, კრემლი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და უკრაინაში ევროპული სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას გამორიცხავს და აღმოსავლეთ ევროპიდან NATO-ს ძალების გაყვანას ითხოვს. კიევი ტერიტორიების დათმობასა და არმიის შეზღუდვას ეწინააღმდეგება.

უკრაინული მხარე მოლაპარაკებების პირველ ნაბიჯად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ასახელებს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებით ორივე მხარე დაიღალა, ამერიკის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ უკრაინის საზღვრები, შესაძლოა, გარკვეულწილად შეიცვალოს. რაც შეეხება ევროპის როლს, მოსკოვის კატეგორიული უარის გამო, სამმხრივ შეხვედრას ევროპელი ლიდერები არ დაესწრებიან.