ვერავინ იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც აწარმოა ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი.

„მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება და ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით. საბოლოოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც, მსურს, მადლობა ვუთხრა მას. დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი – დათქმა, რომელიც „მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას“ ითვალისწინებს. ამ დღეების განმავლობაში, მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რატომ ვთვლით ასე. შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინარულ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი მომზადებულ რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, მათთვის, ვისაც ეს შეიძლება, ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავენ და არავის მისცემენ უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომლის ოკუპაციაც კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ.

კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი. „ქართული ოცნების“ მთავრობა ამაყობს, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია. „ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 


 
მსგავსი სიახლეები