სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლაშა ნაცვლიშვილის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუფე იობს. ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დაჯარიმდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ კი, 500 ლარით დააჯარიმა ლაშა ფანიაშვილი. მან სიძულვილის ენა გია ბარამიძის მიმართ გამოიყენა. პროცესები გაიმართა ქარელში, ქუთაისსა და მცხეთაშიც.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, მარიამ კერესელიძის განცხადებით, სამინისტროს რეაგირება მყისიერი იყო.

"დღეს საერთო სასამართლოების სისტემაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 10 სამართალდარღვევის ოქმი იქნა განხილული. კონკრეტული საქმეებიდან ერთ-ერთი გახლავთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ბატონ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუფე იობს.

ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონიშნული იყო კონკრეტულ პოსტზე. აღნიშნულს, მოჰყვა მყისიერი რეაგირება და წარედგინა მასალები სასამართლოს. უტყუარად იქნა მიჩნეული კონკრეტული მტკიცებულებები და პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, გამოეცხადა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით", - განაცხადა მარიამ კერესელიძემ.