გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.

მან კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.

"ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ამ ომის დასრულება. მაგრამ ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდეს", - განაცხადა მერცმა.

მედიის ინფორმაციით, მერცი კიევში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრა, რომელიც დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა; მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლდა თან.

მერცის ვიზიტის დროს, რუსული თავდასხმების გამო რამდენჯერმე გაისმა გამაფრთხილებელი სირენების ხმა. უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დრონის თავდასხმის შედეგად ხიდი დაზიანდა.

დანგრეული აკადემიის შენობის ადგილას სიტყვით გამოსვლისას მერცმა განაცხადა, რომ ისეთი თავდასხმები, როგორიცაა გასული ორშაბათის შემთხვევა, ნათლად აჩვენებს ამ ომის უაზრობას.

"თავდასხმა მეცნიერებათა აკადემიაზე, კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან რამდენიმე ასეულ მეტრში. დღეს დილით კი, მშვიდ კვირას, კიევში საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა - აქ ყოველდღე ხდება ომის დანაშაულები", - თქვა მერცმა.

მერცის თქმით, სანამ უკრაინა ზამთრისთვის ემზადება, მისი ინფრასტრუქტურა ყოველდღიური თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

"კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, რუსეთის პრეზიდენტს: შეწყვიტეთ ეს ომი! ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება - და იარაღი აუცილებლად უნდა გაჩუმდეს", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში დღეს დილით ჩავიდა.