4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობას უმრავლესობის წევრები იხსენებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, 4 ოქტომბერი რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და იქ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა იცოდა რისთვის და სად მიდიოდა.
არჩილ გორდულაძის განმარტებით, სახელმწიფოს პოზიცია არის მკაცრი და მომავალშიც იქნება მკაცრი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების მიმართ, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილების უგულებელყოფაა.
"4 ოქტომბერი არ დაწყებულა, 4 ოქტომბერს და არც 4 ოქტომბერს არ დასრულებულა, 4 ოქტომბერი იწყება 2025 წელს რამდენიმე თვით ადრე 4 ოქტომბრამდე. ნახეთ, რომ "ნაცმოძრაობას", მათ გაერთიანებულ სხვადასხვა პარტიას დაწყებული ჰქონდათ კამპანია არა წინასაარჩევნო მარათონის თვალსაზრისით, არამედ პირდაპირ რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით და შემოიტანეს ასეთი ტერმინი, რომ არსებობს თურმე მშვიდობიანი დამხობა.
თითოეულმა ადამიანმა იცოდა თუ სად მიდიოდა, წინასწარ დღეების განმავლობაში, თვეების განმავლობაში დაანონსებული იყო, რომ ამ დღეს ჩვენ უნდა მივიდეთ და დავამხოთ ხელისუფლება. ანუ, მათი განზრახვა, მათი მიზანი, დიახაც რომ შეჭრა, დიახაც რომ დამხობა, დიახაც რომ არეულობა იყო.
სახელმწიფოს პოზიცია არის მკაცრი და მომავალშიც იქნება მკაცრი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების მიმართ, რომლის მიზანიც არის, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება უგულებელყოს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების დამხობის მიზნით ოპოზიცია აქტივისტებთან ერთად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, ძალადობრივი მოვლენები კი ათონელის რეზიდენციასთან განვითარდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს. კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა, სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა - სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირი მიეცა.
დააკავეს ორგანიზატორებიც. მათ ვინც ბრალი აღიარა, დანაშაული მოინანია, პროკურატურასთან ითანამშრომლა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა საპატიმრო უკვე დატოვეს.
