50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი, - თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ელიზბარაშვილმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, პროკურატურას თავად მიმართა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული - განმარტა, რომ მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
ამასთან, ბრალდებულმა უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება. ის დაკავებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით.
ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის თქმით, ელიზბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ წარდგენის სხდომაზეც აღიარებდა.
"ელისბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ წარდგენის სხდომაზეც აღიარებდა - რომ ნამდვილად დაბრუნდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი და ჩაწერა ლაივმიმართვა. მოხდა პირობებზე შეთანხმება და მოვაწერეთ უკვე ოქმებს ხელი. დღეს, სასამართლო თუ დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, თამაზ ელისბარაშვილი დატოვებს საპატიმროს. პირობები არის 9 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წელი გამოსაცდელი ვადა და 50 000 ლარი ჯარიმა", - განაცხადა ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა.
