თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერი ტელეარხის სათაო ოფისში რეიდი ჩაატარა და მისი პირდაპირი მაუწყებლობა შეაჩერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Halk TV-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს დილით თანამშრომლებმა არხის სტამბოლის შენობაში შესვლა ვერ შეძლეს. ამასთან, არხის სამართავად ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.

BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიციამ შენობაში ჩხრეკა ჩაატარა. რეიდის ფარგლებში, რომელიც ტელეარხის მფლობელს უკავშირდება, დაკავების 17 ორდერი გაიცა.

მედიის ცნობით, Halk TV თურქეთში ბევრის მიერ აღიქმება, როგორც ოპოზიციურ "რესპუბლიკურ სახალხო პარტიასთან" (CHP) დაახლოებული ტელეარხი. ის ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მმართველ პარტიას - "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიას (AKP).