საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდი სასამართლოს განხილვას ელოდება, რათა ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდეს.

"მათი და მათი პატრონების გარედან წახალისებით, ამავდროულად გარე აქტორების, როგორიცაა უცხოური სახელი და გვარის მქონე პირები, პირდაპირ ამბობენ, რომ უბრალოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან არიან გასულები, არ შეიძლება.

ჩვენ ველოდებით სასამართლო განხილვას, ჩვენ ჩვენს პოზიციებში ვართ ძალიან მყარები, 2004 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე გვყავს ოპოზიციურ ველზე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა ნიშნებითა და სხვადასხვა პოლიტიკურ-პარტიული სახეებით წარმოდგენილები, რომელთა მიზანიც არის ერთი - ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, დემოკრატიის საფუძველი, ხალხის არჩევანი, წაახალისონ ექსტრემიზმი, ამით გავიდნენ საერთო კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, არის კონკრეტული ეგრეთ წოდებული პარტიის აკრძალვის საფუძველი. ანალოგიურად ჩვენ შემთხვევაშიც. ჩვენ ჩვენს დასაბუთებას, რა თქმა უნდა, წარვადგენთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი მოლოდინია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომ ამ ე.წ. პარტიების და აგენტურის საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება და ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

"ქართული ოცნება" ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.