დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ "ვამოროლონის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის "ჯივინოსტატთან" ერთად "ვამოროლონის" პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას.
"დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ "ვამოროლონის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები და გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში "ვამოროლონის", დამატებით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის "ჯივინოსტატთან" ერთად კიდევ ერთი, თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი და ეს იქნება ხელმისაწვდომი სრულიად უფასოდ პაციენტებისთვის. რაც შეეხება "ჯივინოსტატს", ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დრეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, რამდენიმე კვირის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, "ტრიკაფტას" შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე, სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი.
"ასევე, რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, "ტრიკაფტას" შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე, სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და მადლობას ვუხდი ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის მინისტრს ამ საკითხზე წარმატებით მუშაობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
