ევროკავშირის კრიტიკა და უარი უკრაინის დახმარებაზე - ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერებმა ბრატისლავიდან ბრიუსელს მიმართეს. უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის ბიუჯეტის ახალი პროექტი, ენერგეტიკული და მიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკეს.
პეტერ მადიარმა, რობერტ ფიცომ და ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის პოლიტიკამ ენერგო რესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია, რასაც საწვავის გაძვირებასთან ერთად ევროპული მრეწველობის კონკურენტუნარიანობის შემცირებაც მოჰყვა.
ბუდაპეშტი და ბრატისლავა უკრაინის დახმარების საერთო ბიუჯეტთან დაკავშირებასაც ეწინააღმდეგებიან.
"დაუჯერებელია, როგორ ანადგურებს ევროპა საკუთარ თავს. გერმანიაში საავტომობილო მრეწველობას სამხედრო მრეწველობა ანაცვლებს. ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნადგურდება. საფრთხე ექმნება დიზელისა და ბენზინის ხელმისაწვდომობას. ეს ევროპელებისთვის ცხოვრებას აძვირებს - იზრდება საწვავისა და საცხოვრებლის ფასები.
ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტი ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვხარჯავდეთ ამდენ ფულს, როდესაც ყველგან ეკონომიას ვცდილობთ“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა.
განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელმაც კიევის მხარდაჭერას ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე იაფი გზა უწოდა.
