გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კიევისთვის დახმარების შემცირების მსურველთ რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

YouGov-ის ახალი გამოკითხვის შედეგები, რომელიც ყოველკვირეულმა გამოცემა Welt am Sonntag-მა შეუკვეთა, აჩვენებს, რომ გერმანელების თითქმის ნახევარი მხარს უჭერს უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ან სრულად შეწყვეტას.

"ყველა - უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში მყოფი მოსახლეობა, მაგრამ ასევე ყველა დანარჩენი - განიცდის გარკვეულ დაღლილობას ამ ომით. ის ჭიანურდება, ძვირი ჯდება, იწვევს შფოთვას და ამ სამივე ასპექტს მასიურად აძლიერებს რუსული პროპაგანდა გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსის განმარტებით, ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამ ომით ევროპის უსაფრთხოების საკითხი წყდება.

"ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მისი დასრულება; ჩვენ არ გვინდა ამ ომის გაფართოება. მაგრამ, ამავდროულად, ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ არის უბრალოდ უკრაინის ომი აგრესორის - რუსეთის წინააღმდეგ. ეს ეხება ევროპაში უსაფრთხოებისთვის ბრძოლას. სიტუაცია ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობას აგრესიული რუსეთის წინაშე, რომელიც ეჭვს არ ტოვებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად ხედავს საკუთარ თავს გლობალურ წესრიგში.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ეს ომი არ მოიგოს, რათა უკრაინისთვის რაც შეიძლება მალე დამყარდეს ხანგრძლივი, მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა", - განაცხადა პისტორიუსმა.