რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, თავდასხმების ესკალაციაში დაადანაშაულა - განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაძირა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

"ეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომის ესკალაციის პროცესის ნაწილია", - განუცხადა პრეზიდენტმა დანმა ჟურნალისტებს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ გემს დრონი დაესხა თავს.

რუმინეთის საზღვაო სამსახურის განცხადებით, კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Khoryv-მა, განგაშის სიგნალი გაგზავნა მაშინ, როდესაც ის რუმინეთის კონსტანცის პორტიდან 13 საზღვაო მილის დაშორებით, რუმინეთის ტერიტორიული წყლების საზღვრის მიღმა იმყოფება. გემის ეკიპაჟი 13 მეზღვაურისგან შედგებოდა, ისინი უკრაინის და აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ.

შემთხვევის შემდეგ ცხრა მეზღვაური გადაარჩინეს, ერთი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს, სამი კი დაკარგულად ითვლება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნატოს წევრი ქვეყნების - რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან კომერციულ გემებზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. სულ მცირე შვიდი სატვირთო გემი დაზიანდა ან თავდასხმის ქვეშ მოხვდა. დაახლოებით 30 მეზღვაური დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება.

ნატო-მ განაცხადა, რომ შავ ზღვაში დამატებით გაგზავნის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს, რადიოლოკაციურ სისტემებსა და დრონებს. ალიანსს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა შესაძლებლობებისა და აღჭურვილობის მქონე საშუალებებს გაგზავნის.

ამასთან, გასულ შაბათს, რუმინულმა გამანადგურებლებმა რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის უახლესი თაობის ორი დრონი ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, თავდასხმის ქვეშ მოხვედრილი გემები ან სულინას არხთან ახლოს იყვნენ გაჩერებული, ან მისკენ მიემართებოდნენ. ეს არხი მდინარე დუნაის შავ ზღვასთან აკავშირებს.