თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება.
"თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებულ თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
