იტალიის მთავრობამ, მილანში დამატებით 500 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

შაბათ-კვირას იტალიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მილანში, ტურინსა და ბოლონიაში, საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ, გაძარცვეს მაღაზიები და დააზიანეს ქონება.

თუმცა, მინისტრთა კაბინეტმა თავი შეიკავა გადაწყვეტილებისგან, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დამატებით უფლებამოსილებებს მიანიჭებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამას პრეზიდენტ სერჯო მატარელას წინააღმდეგობა მოჰყვა.

სამხედროების განთავსება მთავრობის ახალი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დადგენილების ნაწილია, რომელიც ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ზომებს ითვალისწინებს.

"ნივთების განადგურება და ქურდობა პროტესტი არ არის - ეს დანაშაულია და სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯორიჯა მელონიმ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.