რუსული დიზელის საწვავის პირველი პარტია უკვე შეერთებული შტატებისკენ მიემართება. გემების გადაადგილების თვალთვალის მონაცემების თანახმად, ტანკერს, რომელსაც 40 000 მეტრული ტონა რუსული დიზელის საწვავი გადააქვს, გეზი ნიუ-იორკისკენ აქვს აღებული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საწვავის მიწოდება იმ შეთანხმების ფარგლებში ხდება, რომელიც თვის დასაწყისში რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა გააფორმეს.
მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი საშუალო ზომის ტანკერი Agioi Fanendes-ი, LSEG-ის საზღვაო გადაზიდვების მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბერს რუსეთის ბალტიისპირეთის პორტ "პრიმორსკში" 40 000 მეტრული ტონა, ულტრადაბალგოგირდოვანი დიზელის საწვავით დაიტვირთა. მოსალოდნელია, რომ გემი აშშ-ში 7 ნოემბერს ჩავა.
მყიდველისა და გამყიდველის ვინაობა ამ დროისთვის არ საჯაროვდება.
ცნობისთვის, ეს იქნება აშშ-ში რუსული საწვავის პირველი იმპორტი მას შემდეგ, რაც 2022 წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა თქვა, რომ დამატებითი მიწოდებები მას შემდეგ მოხდება, რაც რუსული და ამერიკული კომპანიები მიწოდებებთან დაკავშირებით კონტრაქტების პირობებზე შეთანხმდებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპმა ნაწილობრივ გააუქმა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შესახებ ახალი კანონის ზოგიერთი დებულების მოქმედება და ევროპას აშშ-დან დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, თუ ქვეყნები ფასების შემცირების ხელშეწყობის მიზნით, საგანგებო რეზერვებიდან საწვავის დამატებით მარაგებს არ გამოუშვებდნენ.
