გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ წუთებში ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. მსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ტარდება საქართველოს სხვა ტაძრებშიც.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), გიორგობასთან ერთად, ერს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავსაც ულოცავს.

"წმ. ნინოს საფლავზე გიორგობის აღნიშვნა დაკავშირებულია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან. გიორგობასთან ერთად, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტიანობის 1 700 წლის ისტორიას, საქართველომ ქრისტიანობა 2 000 წლის წინ მიიღო, მაგრამ 1 700 წლის წინ მოხდა მისი გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად." - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.