ტრაგედიის მეხუთე დღე - ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.
სასტუმროებშია განთავსებული 143 ადამიანი. 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს.
რაც შეეხებათ დაშავებულებს, ყველა მათგანი კლინიკებში რჩება - მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ვახერხებთ. სასუნთქი გზების თერმული დაზიანება და ბაროტრავმა აქვს მიღებული, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა და პროგნოზი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
