ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, - ამის შესახებ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილშია აღნიშნული. 

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს,"- ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები.

ინფორმაციას "ქართული ოცნება" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.