აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში სამხედრო მოქმედებები დროებით შეჩერდება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, - წერს Euronews-ი.
მედიის ცნობით, შეთანხმების მიზანია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და ფრონტის ხაზთან ახლოს ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 29 ოქტომბერს უნდა ამოქმედდეს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქში სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებს და შექმნის სპეციალურად განსაზღვრულ უსაფრთხო დერეფანს იმ პირებისთვის, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურთ.
ოლეშკი, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ ხერსონის მოპირდაპირედ მდებარეობს.
რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ქალაქში დაახლოებით 24 000 ადამიანი ცხოვრობდა. თეთრი სახლის შეფასებით, ამჟამად იქ მხოლოდ 1 700-დან 2 000-მდე მცხოვრებია დარჩენილი, მათ შორის, დაახლოებით 50 ბავშვია.
