გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ევროკავშირის კიდევ ხუთი ლიდერი იმუქრებიან, რომ ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტს დაგლოკავენ, თუ ხარჯების ასობით მილიარდი ევროთი შემცირება არ იქნება უზრუნველყოფილი. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ეს ულტიმატუმი ცხადყოფს, რომ ევროკავშირში ახალ საბიუჯეტო პრიორიტეტებთან დაკავშირებით სერიოზული უთანხმოებები არსებობს. მათ შორისაა თავდაცვის დაფინანსება და დასუსტებული ინდუსტრიების გაძლიერების მცდელობები, რათა ისინი ჩინეთისა და აშშ-ის კონკურენციას გაუმკლავდნენ. ამასთან, ევროკავშირი კვლავ აგრძელებს იმ ფერმერებისა და შედარებით ღარიბი რეგიონების მხარდაჭერას, რომლებიც ტრადიციულად ევროკავშირის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის მიმღებები არიან.
"ევროკავშირის ბიუჯეტი ფუნდამენტურ რეფორმირებას საჭიროებს. ჩვენ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც გერმანიის, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, ავსტრიისა და ფინეთის ლიდერები აწერენ ხელს და, რომელსაც Financial Times-ი გაეცნო.
"თუ ბიუჯეტი ასობით მილიარდით არ შემცირდება, წელს შეთანხმება არ იქნება", - განაცხადა ერთ-ერთი ხელმომწერი ქვეყნის დიპლომატმა.
ექვსი ქვეყნის ლიდერები აპირებენ რესურსების გადამისამართებას თავდაცვისა და ინოვაციური კომპანიების მხარდაჭერის მიმართულებით, რათა ადეკვატურად უპასუხონ მზარდ ეკონომიკურ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს, ამავდროულად შეამცირონ სოფლის მეურნეობისა და ნაკლებად განვითარებული რეგიონების დაფინანსება, რომლებიც ტრადიციულად ევროკავშირის ბიუჯეტის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს.
2028–2034 წლების ევროკავშირის ბიუჯეტის დასამტკიცებლად 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ექვსი ქვეყნის განცხადება, რომ ისინი ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ლიდერების მიერ ივნისში აღებულ ვალდებულებას - მათ სურდათ ბიუჯეტზე შეთანხმებისთვის წელსვე მიეღწიათ, რადგან საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში დაგეგმილმა არჩევნებს შეუძლია მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულოს.
გამოცემის განმარტებით, ევროკავშირის ბიუჯეტი ძირითადად წევრი ქვეყნების შენატანებით ფინანსდება. ამ ექვს ქვეყანაზე კი ევროკავშირის ბიუჯეტში შესული შემოსავლების დაახლოებით 40% მოდის. მათ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული, დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირება მოითხოვეს. ეს მოთხოვნა თავად ამ ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯების შემცირების მცდელობასაც უკავშირდება.
