ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ევროკომისია აღარ განაახლებს დისკუსიას Euroclear-ის დეპოზიტარიუმში არსებული გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დაფინანსებისთვის გამოყენების საკითხზე.
ამის შესახებ მან ბელგიის პარლამენტში, ევროპულ საკითხთა ფედერალური საკონსულტაციო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული კვირის ევროპული სამიტის შედეგებზე ისაუბრა.
დე ვევერმა განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ევროკომისია არ წარადგენს რუსულ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას, რომელიც უკრაინის დაფინანსების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება განკუთვნილი.
"ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან სწორედ ეს ითქვა“, - განუცხადა მან დეპუტატებს.
გასულ წელს, დე ვევერი ეწინააღმდეგებოდა ბრიუსელში მდებარე ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმ Euroclear-ში დაცული, დაახლოებით 185 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას.
ამის ნაცვლად, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე და მომდევნო წლისთვის უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სასესხო პაკეტს გამოუყოფენ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს თანხა ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება.
გასულ კვირას გამართულ სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომდევნო წლისთვის დამატებით 70 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მოითხოვა.
ამასთან, დე ვევერის განმარტებით, ის არ გამორიცხავს, რომ სხვა წევრი სახელმწიფოები, კვლავ შეეცდებიან წამოჭრან რუსული აქტივების გამოყენების საკითხი.
