საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზის გადადგომის განცხადებას ხელი არ მოაწერა, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ნუნეზმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება კვირას მიიღო, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მასობრივი არეულობები და ძარცვა მოხდა. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ "პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მოხდა".

გამოცემის ცნობით, მაკრონმა ნუნეზს გადადგომის უფლება არ მისცა, რადგან, "არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამართალდამცველი ძალების უწყვეტი ხელმძღვანელობის აუცილებლობის საჭიროება დგას".

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შაბათს გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 550 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, პროფკავშირების განცხადებით, მონაწილეთა რაოდენობა უფრო მეტი იყო.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2 397 ადამიანი. სამართალდამცავი ორგანოების 997 თანამშრომელი დაშავდა, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია.

შინაგან საქმეთა მინისტრი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, როგორც პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებთან მოპყრობის, ისე შაბათ-კვირას მომხდარი არეულობებისა და ძარცვის აღკვეთის უუნარობის გამო.

მწვანეთა პარტიის ლიდერმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატმა, მარინ ტონდელიემ, ნუნეზი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან "მთელი ქალაქები ავაზაკების ანაბარა დატოვა, მაშინ როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად უსწორდებოდნენ".

ორშაბათს დილით, შაბათ-კვირის არეულობის შედეგების განსახილველად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ მთავრობის საგანგებო სხდომაც მოიწვია.