ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციებთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ მართლა საბჭოთა მიდგომას არ იზიარებს ყველა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პრაღაში გამართული შეხვედრების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობები არ გადაყვეს.
"საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა. პარლამენტში შეხვედრები, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან შეხვედრები, პირველ ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები და ჩვენ ყველგან უპირველეს ყოვლისა საუბარი გვქონდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს დაბოლოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
ჩვენ სხვადასხვა წყაროსგან მოგვდის ეს ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციებთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ მართლა საბჭოთა მიდგომას არ იზიარებს ყველა. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის დღეს ფასეული და მნიშვნელოვანი, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას არ გადაყვეს ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი დღეს ცდილობს საქართველოს და ქართველი ხალხის დაზიანებას მარტივი მიზეზის გამო, რომ 2024 წელს მათ დაიჭირეს კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხარე და სურდათ მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი დამარცხდნენ მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში და რასაც ჩვენ ვუყურებთ ორი წელია, ეს არის შურისძიება ქართველ ხალხზე და საქართველოზე იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებით, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში კვლავ მოიყვანონ "კოლექტიური ნაცმოძრაობა". ამიტომ, ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, არ დავკარგოთ ის ორმხრივი ურთიერთობები და პირიქით, გავაღრმაოთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლი, მათ შორის, მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ თუ ენერგო უსაფრთხოებაში, მათ შორის, ჩეხეთის შემთხვევაშიც. ჩეხეთი ნედლი ნავთობის იმპორტის 40%-ს იღებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით. სულ ახლახან, ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე შუა დერეფნის, საქართველოს გავლით ჩავა საბოლოო ჯამში ჩეხეთში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები იყოს რაც შეიძლება ახლო და მეგობრული. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ყველას ვაჩვენებთ საიმედო პარტნიორობას და ამ მხრივ გვიხარია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც სათანადო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.
ამ შეხვედრების ფონზე, მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობაც. მე ჩემი კოლეგა მოვიწვიე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის თავმჯდომარე გვეწვევა საქართველოში და გვექნება შესაძლებლობა უკვე საქართველოში გავაგრძელოთ ცვენი საუბარი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
