ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე "ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. საქმის არსებითი განხილვის მე-11 სხდომა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. სხდომა ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ცდილობენ, როგორმე ფონს გავიდნენ.

"არაერთი კითხვა, არაერთი დაზუსტება იყო კონკრეტულ საკითხებთან, მათ შორის, დოქტრინულ საკითხებთან დაკავშირებით, რა პრინციპები უნდა იყოს გამოყენებული არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. როდესაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების, კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს ყველაფერი მათში იწვევს ხოლმე აგრესიას, შეურაცხყოფის მიყენების მცდელობები არის, უპატივცემულობის გამოხატვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და ამით ცდილობენ, რომ ისინი როგორმე გავიდნენ ფონს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამის მიზეზად კონკრეტული პარტიების მიერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.