დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია, რაც ომამდე არსებული შესაძლებლობების დაახლოებით ნახევარია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად თვეების განმავლობაში განხორციელებული საჰაერო დარტყმებისა, თეირანს კვლავ აქვს საპასუხო დარტყმის მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები განახლდება.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან აშშ აცხადებდა, რომ ირანის სარაკეტო არსენალი და მისი აღდგენის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული. თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ეს პოზიცია სამშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა. მისი განცხადებით, ირანის სამრეწველო პოტენციალის 80% განადგურებულია.
როგორც Bloomberg-ი წერს, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის რეგულარული შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობები დიდწილად განადგურებულია. თუმცა, დასავლელი ოფიციალური პირის განცხადებით, რომელიც სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს ეყრდნობა, ირანს, სავარაუდოდ, სულ მცირე 1 700 ბალისტიკური რაკეტა აქვს და ახალ რაკეტებსაც აწარმოებს, თუმცა ომამდე არსებულ ტემპთან შედარებით უფრო ნელა.
"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" (IRGC), რომელიც ქვეყნის სამხედრო სტრუქტურაში ყველაზე გავლენიან და ძლიერ ძალას წარმოადგენს, სამშაბათს ვიდეომასალაც გაავრცელა. კადრებში, როგორც თავად უწყება აცხადებს, ნაჩვენებია ახალი მიწისქვეშა "სარაკეტო ქალაქის" გახსნა.
ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტის მოწვეული მკვლევრისა და CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსის, ჯიმ ლამსონის განცხადებით, რომელიც ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებშია სპეციალიზებული, ირანის არსენალში შესაძლოა ათასობით "შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) იყოს დარჩენილი.
მისი განმარტებით, ბალისტიკური რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის დრონების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. "უცნობია, რამდენად დიდი იყო ირანის იარაღის მარაგი ომამდე და რა მასშტაბით შეძლო ქვეყანამ უკვე გაშვებული, ან განადგურებული რაკეტების მარაგის შევსება", - აღნიშნა მან.
