პოლიტიკური განცხადებები ამბიონიდან - ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი ხელისუფლებას და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს უპირისპირდება. ქადაგებაში ამბობს, რომ სასულიერო პირები დღეს სიმართლეს აღარ ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ კი თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა.
მიტროპოლიტი იობი ის სასულიერო პირია, რომელიც არ მალავს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არაერთხელ ითხოვდა პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებასაც, მხარს უჭერდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც პატრიარქ ილია მეორეს უპირისპირდებოდნენ, მას თავადაც სურდა პატრიარქობა. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე კი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, მე-6 საუკუნის ისტორიული ძეგლის, ზღუდერის ეკლესიის განადგურებაა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას დედაეკლესიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად არის.
"ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია განსაკუთრებული და გამორჩეული დამოკიდებულება დედაეკლესიის მიმართ. ამიტომ, თუ რომელიმე მეუფეს აინტერესებს კონკრეტული საკითხი, დიალოგისთვის, საკითხის დეტალებში გარკვევისთვის ჩვენ ყოველთვის ვართ მზად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ და ვამბობ, რომ არის ძალიან სამწუხარო და სრულიად დაუშვებელი, როდესაც ამბიონი და ეკლესია გამოიყენება მცდარი ნარატივების გასავრცელებლად", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
