ძალიან დიდი სირცხვილია, როცა აქციის მონაწილეებიდან ისეთ რაღაცას კადრულობენ, რომ პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა და განმარტა, რომ აქციაზე დააკავეს ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, შეურაცხყოფა მიაყენეს.
„არაერთხელ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, გავაფრთხილეთ, არღვევდნენ კანონს. ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს სამართალი, კანონი და ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ამ დროისთვის აქცია მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში.