ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ავიაკომპანია Flydubai-ს თვითმფრინავის გატაცების მცდელობის მთავარი მიზანი თელ-ავივის ერთ-ერთ ცათამბჯენზე შეჯახება იყო. გამოძიების წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელი 11 სექტემბრის ტერაქტის ანალოგიური სცენარით მოქმედებდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "The Telegraph" ავრცელებს.
ცნობისთვის, ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე, მეორე პილოტმა კაპიტანი დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება გუშინ სცადა. ლაინერმა საუდის არაბეთში, საგანგებო დაშვება განახორციელა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თავდასხმაში მონაწილე პილოტს ამჟამად საუდის არაბეთში კითხავენ და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, შესაძლოა, თავადაც ჩაერთონ პროცესში. ნეთანიაჰუს შეფასებით, ისრაელი 11 სექტემბრის მსგავსი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
"დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. თავდამსხმელ პილოტს ამჟამად საუდის არაბეთში კითხავენ. ვფიქრობ, მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანენ. თვალს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას და, შესაძლოა, პროცესში თავადაც ჩავერთოთ. ასე რომ, ყველაფერს გავარკვევთ. ფაქტობრივად, 11 სექტემბრის მსგავსი კიდევ ერთი ტერაქტის საფრთხის წინაშე ვიდექით", - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
