გადაწყვეტილების მიღება ამ ბაზიდან ამოღების შესახებ ან ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ, შესაძლოა, წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც სიყალბეს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამიტომაც გავაკეთე აქცენტი დასაწყისშივე, რომ ეს იქნება მკაცრად დამონიტორინგებული პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი ოჯახების გადამოწმების მიმდინარეობისას იქნება როგორც მკაცრი მიდგომები, ისე პროცესის მიმართ მკაცრი იქნება ყურადღება, შესაბამისად, სამართალდარღვევის გამოვლენას, სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და ბუნებრივია, შევეცდებით, რომ არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. წინასწარ იმის თქმა, რამდენი იქნება, ან იქნება თუ არა სამართალდარღვევა, მე არ შემიძლია, თუმცა, თუ იქნება, რეაგირებაც იქნება შესაბამისი. ნებისმიერ არასწორ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, სამართლებრივ გადაცდომას - სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკურს - პოლიტიკური. ჩვენთვის მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესი, სწორ კალაპოტში იქნეს ჩაყენებული და გზად თუ გამოჩნდა ისეთი რამ, რაც იმსახურებს სამართალდამცავთა ან საზოგადოების მხრიდან ყურადღებას, ბუნებრივია, არც ერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება საზოგადოების თვალსაწიერის მიღმა," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.