"მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) - შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო", - ამის შესახებ მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვირტიშვილის ქალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხატია ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა, არამედ ეს არის ისტორია ადამიანობაზე და სიკეთეზე.
"არ ვიცოდით დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ - როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად. დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა .
მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) - შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო.
ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ - თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა.
მთელი ჩვენი ოჯახი - მე და ჩემი და Eka Gvritishvilii - ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა, მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა," - წერს დონარა გვირტიშვილის შვილი სოციალურ ქსელში.