იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, რადგან მას ბრონქების ანთების გამოწვევა შეუძლია.

ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ვირუსს ახასიათებს ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა.

"ეს არის ვირუსი, რომელმაც ჩაანაცვლა გრიპი. თებერვლის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსით გამოწვეული. ეს არის ვირუსი, რომელიც ძირითადად 2 წლამდე ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების და ბრონქიოლების ანთება. ამ დაავადებას ბრონქიოლიტი ჰქვია და მისთვის დამახასიათებელია სუნთქვის მკვეთრი გახშირება, ხმაურიანი, გახშირებული სუნთქვა. პაციენტების ნაწილი საჭიროებს ჟანგბადის დამატებით მიწოდებას, ინტრავენურ გადასხმას და სითხის შევსებას. ამიტომ, პაციენტების მცირე ნაწილს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.