არგენტინის ქალაქ პილარში 49 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც პაპ ლეონ XIV-ის მოკვლის მუქარა ედება ბრალად. მუქარა პაპის არგენტინაში ჩასვლამდე გავრცელდა.

გამოძიება ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. 24 საათზე ნაკლებ დროში, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს, მისი ადგილსამყოფელი მოძებნეს და დააკავეს.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი მშენებლობის სფეროში დასაქმებული მუშაა და პილარის მუნიციპალიტეტში, ვილია როსას დასახლებაში ცხოვრობს.

არგენტინის ფედერალური პოლიცია მამაკაცის დასაკავებლად ინტერნეტში ინფორმაციის ანალიზს, ფარულ მეთვალყურეობას და სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა, ასევე რეალურ დროში ადევნებდა თვალყურს ტელეფონს, საიდანაც, სავარაუდოდ, მუქარა იყო გაგზავნილი.

ცნობისთვის, რომის პაპი არგენტინაში დღეს ჩავა.